ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური

1453 წელს ბიზანტიის იმპერიის გაუქმების შემდეგ, საქართველოს სამეფო აღმოჩნდა რთულ ვითარებაში. გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII (1446 - 1466) თავის თავში აერთიანებდა, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს (მამის მხრიდან მეფე დავით ულუს სამეფო ხაზს), ისე დასავლეთ საქართველოს სამეფოს (დედის მხრიდან მეფე დავით ნარინის სამეფო ხაზს), რაც პრაქტიკულად ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ერთიანი საქართველოს სამეფო შტოს ლეგიტიმაციის გამყარებისათვის.
გიორგი VIII-ის მეფობის ხანაში ოსმალეთმა ყოველ ღონეს მიმართა, რათა ჩაეშალა საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კოალიცია, რამაც, საბოლოო ჯამში გამოიწვია საქართველოს სამ სამეფოდ და სამთავროებად დაშლა.
1466 წელს ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი VIII იძულებული შეიქმნა კახეთში გამაგრებულიყო, სადაც მან დამოუკიდებელი კახეთის სამეფოს ჩაუყარა საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ მეფე გიორგი აგრძელებს ბრძოლას ერთიანი საქართველოს აღდგენისათვის, იმ ეტაპზე რეგიონში გაბატონებული პოლიტიკა მას ამის საშუალებას არ აძლევს.
მომდევნო საუკუნეებში, მეფე გიორგი VIII-ის უშუალო შთამომავლები კახეთის სამეფო შტოდან, აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის გაერთიანებისკენ, ზოგიერთი მათგანი წარმატებასაც აღწევს, მაგალითად როგორებიც იყვნენ: მეფე თეიმურაზ I (1605-1648). 1625 წელს იგი აერთიანებს ქართლისა და კახეთის სამეფოებს და ხდება გაერთიანებული ქართლ-კახეთის მირონცხებული მეფე. სამწუხაროდ, 1648 წელს ირანმა საქართველოში შემოჭრით გააუქმა ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაერთიანება. შემდგომ თეიმურაზ მეფის შვილიშვილი ერეკლე I, რომელიც 1688 დან 1703 წლებში ქართლის ტახტზე ადის, ასევე ცდილობს ამ ორი სამეფოს გაერთიანებას, თუმცა მასაც ხელი ირანმა შეუშალა. კახეთის სამეფო შტოს წარმომადგენლებს შემდგომშიც მრავალი მცდელობა ჰქონდათ ქვეყნის გაერთიანებისა, მაგალითად მეფე ალექსანდრე III, რომელიც მეფობდა ქართლში 1735 დან 1737 წლებში, ასევე ცდილობდა გაერთიანებას. შემდგომში მეფე თეიმურაზ II, რომელიც 1744 წელს ადის ქართლის ტახტზე, თანაც სვეტიცხოველში მეფედ კურთხევის სრული წესის დაცვით და მისი შვილი ერეკლე II საბოლოოდ აერთიანებს ქართლ-კახეთის სამეფოს 1762 წელს.
1790 წელს დაიდო ე.წ. "ივერიელთა ტრაქტატი", რომლის თანახმადაც მეფე ერეკლე II აღიარებულ იქნა სრულიად საქართველოს სუვერენულ მეფედ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოს პატრიარქმა ანტონმა, იმერეთის მეფე სოლომონ II, გრიგოლ დადიანმა (სამეგრელოს მთავარი) და სიმონ გურიელი (გურიის მთავარი). ამ ტრაქტატის შემდგომ მეფე ერეკლე II-ის ტიტული გახდა - ”მეფე სრულიად საქართველოისა და სხვათა” რაც შემდგომში მემკვიდრეობით გადავიდა მის ვაჟზე, გიორგი XII-ზე, რომელიც იყო საქართველოს ბოლო მეფე.
1801 წელს რუსეთის იმპერატორმა უხეშად დაარღვია საქართველოსა და რუსეთს შორის 1783 წელს დადებული ”გიორგიევსკის ტრაქტატი” და საქართველოს სამეფო გააუქმა. თუმცა, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შთამომავლებს სამეფო ღირსება არ გაუუქმა. 1801 წლიდან დაწყებული, რუსეთის იმპერიამ საქართველოდან რუსეთში ძალით გადაასახლა მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები (ბატონიშვილი ნუგზარის უშუალო წინაპრები). არცერთ სხვა, გვერდითი შტოს ბაგრატიონებს ეს რისხვა არ შეხებიათ, რადგან ისინი, სამეფო ტახტის აღდგენის თვალსაზრისით რუსეთისათვის საშიშროებას არ წარმოადგენდნენ. ასეთ თავადურ განშტოებებს მიეკუთვნებოდნენ ბაგრატიონ-მუხრანელები, ბაგრატიონ-დავითიშვილები, ბაგრატიონ-ბაბადიშები.
დღეს, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი ნუგზარი არის სწორედ, მეფე ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის პირდაპირი მემკვიდრე.